ჩემპიონთა ლიგა | მეორე სათამაშო დღის პრევიუ

დღეს ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღეა. გთავაზობთ დღევანდელი მატჩების პრევიუებს.

ბოლონია 🆚 შახტარი | 20:45

ბოლონია ჩემპიონთა ლიგაზე 60-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. წინა სეზონში სერია A-ში შესანიშნავი ასპარეზობის შემდეგ, წელს გუნდს რთული სტარტი აქვს და 4 ტურში ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო. მათ ქულა მხოლოდ ბოლო შეხვედრაში, კომოსთან მოიპოვეს.

შახტარი, თავის მხრივ, ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულად თამაშობს. უკრაინულ კლუბს იტალიური გუნდების წინააღმდეგ დიდად კარგი სტატისტიკა არ აქვს – დონეცკელებმა ბოლო 10 მატჩში მათ მხოლოდ ერთხელ მოუგეს. უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში შახტარმა კარპატი ლვივი 5-2 დაამარცხა და ზოგადად, მიმდინარე სეზონში ბევრი გოლი გააქვს.

ბოლონიას სავარაუდო XI: სკორუპსკი; პოში, ბეუკემა, ლუკუმი, მირანდა; ფროილერი; ორსოლინი, ებიშერი, ფაბიანი, ნდოიე; კასტრო.

შახტარის სავარაუდო XI: რიზნიკი; კონოპლია, ბონდარი, მატვიენკო, აზაროვი; ბონდარენკო, კრისკივი, სუდაკოვი; პედრინიო, სიკანი, კევინი.

სპარტა პრაღა 🆚 ზალცბურგი | 20:45

19-წლიანი ლოდინის შემდეგ, სპარტა ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნდა. ჩეხურმა გუნდმა წინა 13 მატჩიდან 11 მოიგო და ძალიან ბევრ გოლს იტანს. ზალცბურგთან შეხვედრის წინ პრაღელები თავდაჯერებულნი არიან, თანაც, მათ ავსტრიული კლუბების წინააღმდეგ კარგი შედეგები აქვთ და ევროტურნირებზე, საშინაო მატჩებში სოლიდურად გამოიყურებიან.

ზალცბურგი 6 სეზონია, ჩემპიონთა ლიგაზე გადის, მაგრამ გასვლით მატჩებში უჭირს. აღნიშნულ ტურნირზე ჩატარებული ბოლო 19 გასვლითი შეხვედრიდან ავსტრიელებმა მხოლოდ 4 მოიგეს. მერვედფინალში გასასვლელად ზალცბურგს მომატება მოუწევს. ლიგის ფაზაზე გუნდი, სპარტას გარდა, ლევერკუზენს, რეალ მადრიდსა და პარი სენ-ჟერმენს დაუპირისპირდება.

სპარტას სავარაუდო XI: ვინდალ იენსენი; ვიტიკი, პანაკი, ზელენი; პრესიადო, კაირინენი, ლაჩი, რინეში; ბირმანჩევიჩი, რაჰმანი, ჰარასლინი.

ზალცბურგის სავარაუდო XI: ბლასვიხი; დედიჩი, პიონტკოვსკი, ბაიდუ, ტერზიჩი; გურნა-დუატი, დიამბუ, გლუხი; დორგელესი, კუნფოლო იეო, რატკოვი.

სელტიკი 🆚 სლოვანი | 23:00

ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო მატჩი გლაზგოში გაიმართება – ჩემპიონთა ლიგაზე 37 წლის გურამ კაშიას დებიუტი შედგება.

სელტიკს შიდა ჩემპიონატში კარგი სტარტი აქვს (5-დან 5 მოგება და 0 გაშვებული გოლი), მაგრამ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი არასდროს მოუგიათ. ამასთან, გუნდს საშინაო შეხვედრებში უჭირს – ბოლო 13-დან მხოლოდ 1 მოგება, შოტლანდიური კლუბი ფლეიოფში ბოლოს 2012/13 წლების სეზონში გავიდა.

საშინაო ჩემპიონატში სლოვანიც შესანიშნავია და სელტიკთან მატჩს ოპტიმისტური განწყობით ხვდება. სლოვაკებს ბრიტანული გუნდების წინააღმდეგ 1975 წლის შემდეგ არ მოუგიათ, მაგრამ გასვლით შეხვედრებში კარგად გამოიყურებიან. სლოვანი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დებიუტანტია და სურს, კარგი შთაბეჭდილება დატოვოს.

სელტიკის სავარაუდო XI: შმეიხელი; იონსტონი, კარტერ-ვიკერსი, სკეილსი, ტეილორი; ენგელსი, მაკგრეგორი, ჰატატე; კიუნი, ფურუჰაში, მაედა.

სლოვანის სავარაუდო XI: ტაკაჩი; ბლექმენი, კაშია, ვიმერი, ზუბერუ; ბაირიჩი, კუცკა; ბერსეგიანი, ტოლიჩი, ვაისი; სტრელეცი.

ბრიუგე 🆚 დორტმუნდი | 23:00

ბრიუგემ გასულ სეზონში კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ითამაშა და საკუთარ მოედანზე არ წაუგია. თუმცა, თუ ჩემპიონთა ლიგას შევეხებით, ბელგიელებს კარგი შედეგები არ აქვთ – ბოლო 20 მატჩიდან მხოლოდ 3 მოგება.

დორტმუნდი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც რეალ მადრიდთან წააგო. გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ნური შაჰინია, რომლის ხელმძღვანელობითაც ბორუსია ბუნდესლიგაში კარგად ასპარეზობს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ “შავ-ყვითლებს” ევროტურნირებზე, გასვლით მატჩებში უჭირთ (35 მატჩიდან 11 მოგება).

ბრიუგეს სავარაუდო XI: მინოლე; სეისი, მეხელე, ორდონიესი, დე კუიპერი; ვეტლესენი, ონიედიკა; ოლსენი, ვანაკენი, ცოლისი; ნილსონი.

დორტმუნდის სავარაუდო XI: კობელი; ანტონი, შლოტერბეკი, ზიულე, ბენსებაინი; ნმეჩა, გროსი; მალენი, ბრანდტი, ადეიემი; გირასი.

მანჩესტერ სიტი 🆚 ინტერი | 23:00

დღის ცენტრალური მატჩი ეტიჰადზე გაიმართება, სადაც მანჩესტერ სიტი ინტერს უმასპინძლებს.

პეპ გვარდიოლას გუნდი “ნერაძურის” 2023 წელს ფინალში დაუპირისპირდა და დაამარცხა. სიტის ჩემპიონთა ლიგაზე 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ამასთან, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ყველა მატჩი მოიგო. თუმცა, უნდა ითქვას, რომ “ქალაქელები” იტალიური გუნდების წინააღმდეგ მაინცდამაინც კარგად ვერ თამაშობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5-დან 4 შეხვედრა მოუგეს.

შიდა ჩემპიონატი ინტერმაც შთამბეჭდავად დაიწყო, თუმცა ყველა მატჩი არ მოუგია. ცოტა ხნის წინ სიმონე ინძაგის შეგირდებმა მონცასთან ფრედ ითამაშეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე სოლიდური სტატისტიკა აქვთ – ბოლო 20-დან მილანელებმა მხოლოდ 3 მატჩი წააგეს. თუ ინტერი მოიგებს, ისინი იმ კლუბების სიაში იქნებიან, რომლებმაც გასვლაზე მინიმუმ 5 განსხვავებული ინგლისური გუნდი დაამარცხეს – ასე რამ, ჯერჯერობით, მხოლოდ ბარსელონამ (7), რეალ მადრიდმა (5) და ბაიერნმა (5) გააკეთეს.

მანჩესტერ სიტის სავარაუდო XI: ედერსონი; უოკერი, დიაში, აკანჯი, გვარდიოლი; როდრი; ფოდენი, სილვა, დე ბრუინი, დოკუ; ჰოლანდი.

ინტერის სავარაუდო XI: ზომერი; პავარი, აჩერბი, ბასტონი; დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, აუგუსტო; ტურამი, ლაუტარო.

პარი სენ-ჟერმენი 🆚 ჟირონა | 23:00

პსჟ ლიგა 1-ში შესანიშნავად გამოიყურება (4-დან 4 მოგება და 16 გატანილი გოლი), თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე უჭირს. 2020 წელს გუნდმა ფინალში წააგო, გასულ სეზონში კი ნახვარფინალში დორტმუნდთან დამარცხდა. პარიზელებს ბოლო 2 ჩემპიონთალიგურ მატჩში არ გაუტანიათ. პარი სენ-ჟერმენს პარკ დე პრენსზე ესპანური კლუბების წინააღმდეგ კარგი სტატისტიკა აქვს, მაგრამ გასულ სეზონში ბარსელონასთან წააგო.

ჟირონამ გასულ სეზონში ყველა გააკვირვა და ლა ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა. გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. მიჩელის შეგირდებს მიმდინარე სეზონის სტარტი არცისე კარგი გამოსდით და ბოლო ტურში ბარსელონასთან 1-4 წააგეს, რაც მათი დაცვის სისუსტეზე მეტყველებს. კატალონიურმა კლუბმა გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წამყვანი ფეხბურთელები გაყიდა.

პსჟ-ის სავარაუდო XI: საფონოვი; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში; ზაირ-ემერი, რუისი, ნევეში; დემბელე, ასენსიო, ბარკოლა.

ჟირონას სავარაუდო XI: გასანიგა, ფრანსესი, ლოპესი, ბლინდი, გუტიერესი; მარტინი, რომეუ, ერერა; ციგანკოვი, აბელ რუისი, ხილი.